პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში გამოიკითხა. ის გამოკითხვაზე დაახლოებით 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ელისაშვილის თქმით, გამოძიების ნაცვლად, უწყება პოლიციელებისთვის "ხელის დაფარებას გადაწყვეტს". ამასთან, ის ამბობს, რომ აბსოლუტურად სტანდარტული და სრულიად ფორმალური პროცედურა გაიარა.
"მე მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და რეალური ძაღლობის წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება. შესაბამისად, მე აქ მოვედი აბსოლუტურად ფორმალურად. კდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მე მიუხედავად ჩვენი რუსული ხელისუფლებისა, ჩემ საქართველოს და ჩემ სახელმწიფოს ვცემ პატივს", - თქვა ელისაშვილმა.
გუშინ, 17 აპრილის აქციაზე ალეკო ელისაშვილის ცემის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. მოკვლევა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს, რის შემდეგაც დეპუტატი გამოკითხვაზე დაიბარეს.
ელისაშვილი 17 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და რუსთაველის ტერიტორიიდან გაიყვანეს. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, მას დაკავებისას რამდენიმე პოლიციელი ურტყამდა, რის შედეგადაც ნეკნის მოტეხილობა აქვს. დეპუტატს დაზიანებები აღენიშნება სახეზეც.